სამართალი

ჩუბინიძის ადვოკატი: პატიმრობის გამოყენება კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა

ჩუბინიძის ადვოკატი: პატიმრობის გამოყენება კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილებას არ ელოდა. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება კანონთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუსაბამოა.

ფილაურის თქმით, გამოძიების ეტაპზე ჩუბინიძე გამოკითხულიც არ ყოფილა.

„ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და შეეხო ისეთ თემას, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი იყო.

ბრალი აგებულია ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე. თებერვალში დაიწყო გამოძიება, როდესაც ლაზარე ჯორბენაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ის გამოკითხულიც კი არ ყოფილა.

შესაბამისად, დიტო ჩუბინიძის მიერ თავის საგაზეთო პუბლიკაციებსა თუ გამოსვლებში გამოყენებული ყველა კომენტარი ეხებოდა მხოლოდ რესპონდენტის მიერ მიღებულ ინფორმაციას.

ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს“, - განაცხადა ნონა ფილაურმა.

გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ