გვარამია: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ ახალი ტალღის დასაწყისია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დღეს იწყება და კულმინაცია აუცილებლად სჭირდებათ, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბერს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს, რათა ქარმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლოს.
გვარამიას თქმით, „ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი“.
„პროტესტი ცხადია, დღეს არ იწყება, იგი დაიწყო 2 წლის წინ, 26-ში. მთავარი არსი ის არის, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი. ამ ტალღას, ბევრი ადამიანის აზრით და ჩემი აზრითაც, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კი, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ნამდვილად იმსახურებს უკეთესს ქართველი ხალხი, ნამდვილად ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი არ გვექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე სიტყვებით: „როცა ცეცხლი დიდია, ის ქარით ძლიერდება, ბევრნი უნდა ვიყოთ აუცილებლად. ჩვენ ყოველთვის დასაწყისისთვის გვჭირდება ერთმანეთის დანახვა და დაჯერება, რომ მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, იმ დაღლილობისა, ჩვენ არათუ ვუძლებთ, არამედ ვძლიერდებით. ახლა არ არის დრო, რომ ვთქვათ ვუძლებთ, ახლა არის დრო, ვთქვათ, რომ ვძლიერდებით. ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი“.











