პოლიტიკა

წერეთელი: დღევანდელი აქცია საპროტესტო კამპანიის დასაწყისია, 28 ნოემბერს დიდი აქცია დაიგეგმა

გიგი წერეთელი - დღევანდელი აქცია, პრაქტიკულად, არის კამპანიის დასაწყისი, 28 ნოემბერს დაგეგმილია დიდი და მნიშვნელოვანი აქციის ჩატარება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია საპროტესტო კამპანიის დასაწყისია, 28 ნოემბრისთვის კი დიდი და მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. მან ეს თსუ-ს პირველ კორპუსთან, აქციის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას თქვა.

წერეთლის თქმით, ეს პროტესტი არც ერთი პარტიის აქცია არ არის. მისივე განცხადებით, ყველას სურს დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილება, ამ ცვლილების უფლების წართმევა კი დღეს ხდება.

„დღევანდელი აქცია, პრაქტიკულად, არის კამპანიის დასაწყისი. 28 ნოემბერს დაგეგმილია დიდი და მნიშვნელოვანი აქციის ჩატარება. რაც დღეს ხდება საქართველოში, დემოკრატიის მოშლისა და დესტრუქციის თვალსაზრისით, მართლაც წარმოუდგენელია იმის ფონზე, რომ ჩვენ ვიყავით ჩემპიონი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ვართ აუტსაიდერები, პარტიები იკრძალება და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ცხოვრების შეზღუდვა ხდება, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პატიმრებზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელსაც ოდნავ პრეტენზია მაინც აქვს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იყოს, იქნება პროტესტი და იქნება ამის გამოხატულება. ამაზე უფრო მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოხატვა ბევრ ქვეყანაში არ არის და დღევანდელი ხელისუფლება მგონი ამას კარგად ვერ ხვდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხალხს აწუხებს და ხალხი ამას ხედავს. პროტესტის მიზანია, რომ ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ამას უსმენდეს. თუ ის არ უსმენს, ვითარება უფრო მწვავდება, რაც, წერეთლის შეფასებით, საზოგადოებას ნამდვილად არ სურს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ