„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავენ

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის N118-ში მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე კორპუსების აშენებას გეგმავენ. კომპანია „სითიზენი“ ბინების გაყიდვას 22 ოქტომბრიდან აანონსებს, თუმცა პროექტს მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აქვს მიღებული. ოფიციალურ საჯარო წყაროებში განაშენიანების რეგულირების შეთანხმებული გეგმაც არ იძებნება.
მიწის ნაკვეთის ფართობი 100 982 კვადრატული მეტრია, აქედან 51 438 კვადრატულ მეტრზე „სამშენებლო განვითარება“ იგეგმება. პროექტით, ტერიტორიაზე 32-, 30-, 20- და 12-სართულიანი კორპუსები აშენდება. ყველაზე დიდი ნაწილი საცხოვრებელ ფართებს დაეთმობა, ნაწილი კი სავაჭრო ფართებს.
დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, მოსაჭრელ მცენარეთა ნუსხაში შედის 2 ზეთისხილი, კანადური ვერხვი, გრაკლასი, უცვეთელა და დიდგულა, 2 თეთრი აკაცია, 11 ბამბუკი, 6 ვაზი, ვარდი, 5 ბროწეული, 8 აილანთუსი, 2 ტყემალი, 2 ატამი, ალუბალი, ბალი და სხვა.
29 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი მოიწონა, 30 იანვარს კი პროექტი საკრებულომ დაამტკიცა.
პროექტის შემსრულებელია შპს „მიდამო“. მისმა დირექტორმა და მფლობელმა გიორგი ჭყონიამ 2020-2023 წლებში „ქართულ ოცნებას“ 150 ათასი ლარი შესწირა.
სს „ექსპო ჯორჯიას“ აქციების 99%-ს შპს „სითი ექსპო“ ფლობს. მისი 90%-იანი წილის მფლობელია რუსეთის ორმაგი მოქალაქე მინდია საბანაძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებში ჯამში 100 ათასი ლარი შესწირა. 2012 წელს ის „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო.


