ლილოს ნაგავსაყრელთან მოსახლეობა აქციას მართავს და მის გადატანას ითხოვს

ლილოს ნაგავსაყრელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანაა.
აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელის გადატანას 16 წელია ითხოვენ. მათივე განმარტებით, ტერიტორიაზე გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიაა, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს ქმნის.
„ყოველდღიურად მეთანს ვსუნთქავთ, რაც არის რესპირატორული და ალერგიული პრობლემების გამომწვევი და საბოლოოდ გადაგვარებულ სიმსივნეებამდე მივყავართ. სასწრაფო, რომ მოდის ან ჩვენ მივდივართ კლინიკაში გვეუბნებიან ისეთ ადგილას ცხოვრობთ რატომ გიკვირთ თქვენ შვილს ყოველ წუთს კრუპი რომ ემართებაო. თვითონ კახა კალაძეც გვეუბნება, „მე ვთქვი, რომ ტერიტორია უნდა ვიპოვოო და როდის გითხარით ნაგავსაყრელს გადავიტანო?“ სიტყვებში გვეთამაშება და სამი წელი მოგვიგო ამასობაში“, - განაცხადა აქციის მონაწილემ „ტვ პირველთან“.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, ბოლო წლებში საცხოვრებელი გარემოს გამო ალერგიული პრობლემები დაეწყო.
„შვიდი საათის მერე გარეთ ვერ გამოხვალ და ვერც ფანჯარას გააღებ ისეთი სუნია. ვერც სარეცხს გაფენ, ისევ გასარეცხი ხდება. არასდროს მქონია ალერგია და ბოლო ორი წელია საშინელი ალერგია დამეწყო ყველაფერზე. დაპირებები ბევრია, მაგრამ გაკეთება ნაკლები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ „ტვ პირველთან“.
