კონფლიქტები

ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინაზე 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა

ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, და 2 300-მდე თავდასხმითი დრონი გამოიყენა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, სამწუხაროდ, ამ თავდასხმებს თითქმის ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

პრეზიდენტის ინფორმაციით, ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ვინიცაში რუსულმა დრონმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, დაშავდა ექვსი ადამიანი.

ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში რუსეთმა ჯერ სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს დაარტყა, შემდეგ კი ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ. ღამით ასევე განხორციელდა თავდასხმები თბოელექტროსადგურზე, ქვესადგურებზე, მარცვლეულის საცავებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საფოსტო-ლოგისტიკურ ცენტრზე. ნგრევა და დაზიანებები ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.

„აი, როგორ პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და დეიზოლაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ადამიანთა სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა თავი დავიცვათ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედებისგან“. თავდაცვის თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიცოცხლეების გადარჩენას უწყობს ხელს“, - წერს ზელენსკი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ