სტუ-ში „ისწავლე და დასაქმდის“ გაზაფხულის სემესტრის შედეგები შეაჯამეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს.
ღონისძიება უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სოფო უგრეხელიძე, კურსების მსმენელები, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, პროექტის მენეჯერი და რექტორის მრჩეველი რატი გურგენიძე და მოწვეული სტუმრები.
თამარ წერეთლის თქმით, მოკლევადიანი და ინტენსიური პროფესიული კურსები შრომის ბაზრის მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესია. მისივე შეფასებით, ეს უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარები შეიძინონ და დასაქმების ბაზარზე ადგილი სწრაფად მოიძიონ. ვიცე-რექტორმა წლების მანძილზე პროგრამის წარმატებით განხორციელებაში თბილისის მერიის ძალისხმევა გამოარჩია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ მეშვეობით, მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში იშვიათ პროფესიებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური რესურსით, ამ საშვილიშვილო საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.
შემაჯამებელი მოხსენებით გამოვიდა რატი გურგენიძე. მისი განცხადებით, პროექტი 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა. მას აფინანსებდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უშუალო ჩართულობით, ორგანიზატორი კი სტუ იყო. მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიიღო.
რატი გურგენიძის თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი) კურსი 15-მა მსმენელმა გაიარა. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსის კურსი 25-მა მსმენელმა დაასრულა, შენობების ენერგოუზრუნველყოფის დაგეგმვისა და მართვის განახლებადი რესურსების გამოყენებით (ენერგოაუდიტი) კურსი - 15-მა, ელექტროავტომობილების დასამუხტი მოწყობილობების სპეციალისტის (მემონტაჟე და სისტემური უზრუნველყოფა) კურსი კი 20-მა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის შემდგომი ეტაპი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიწყება. ახალ ინტენსიურ მოკლევადიან კურსებში ჯამურად 105 მოქალაქე ჩაერთვება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტირებული კურსი - 40 მსმენელი, სამშენებლო საქმის მწარმოებლის კურსი - 20, სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟის კურსი - 15, ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კურსი - 15 და ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსი - 15 მსმენელი. თითოეულ მიმართულებაზე ერთი ჯგუფი გაიხსნება.
შეხვედრის ბოლოს ვიცე-რესტორმა, მერიის განყოფილების ხელმძღვანელმა და დეკანებმა იმ მსმენელებს, რომლებმაც კურსები წარმატებით დაძლიეს, სერტიფიკატები გადასცეს.
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა და მათი მომზადება ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსებით. პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში ამზადებს და გადამზადებს მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.