ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. კენჭს 27 კანდიდატი იყრის.
Reuters-ის ინფორმაციით, გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი, 61 წლის ილიანა იოტოვა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, 50 წლის ანდრეი გიუროვი. Alpha Research-ის გამოკითხვით, იოტოვას ხმების 41% აქვს, გიუროვს კი 28%.
პრეზიდენტის თანამდებობა დიდწილად ცერემონიალურია, თუმცა კენჭისყრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა, სავარაუდოდ, ოცზე მეტი უცხოელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა. ორივე მთავარმა კანდიდატმა თავდასხმები დაგმო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მათი პოზიციები განსხვავებულია.
გიუროვი მიმდინარე წელს დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო. მას პროდასავლური და რეფორმისტული პარტიები უჭერენ მხარს. უკრაინის მხარდაჭერა მას დიდი ხანია ღიად აქვს გამოხატული, პრემიერობისას კი კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
იოტოვა ვიცე-პრეზიდენტი იყო და იანვარში გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მას შემდეგ, რაც რუმენ რადევმა თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. რადევი იოტოვას უჭერს მხარს, ორივე მათგანი კი ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა. გამარჯვების შემთხვევაში იოტოვა ბულგარეთის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას, არჩევნების მეორე ტური 1-ელ ნოემბერს გაიმართება.











