საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ ორივე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ორი შუამდგომლობა. ერთი მათგანი ვენეციის კომისიის ექსპერტების მოწვევას შეეხებოდა.
„ლელომ“ სასამართლოს პლენუმს სთხოვა, მოეწვია ვენეციის კომისიის ექსპერტები: ვერონიკა ბილკოვა, სრდან დამრანოვიჩი და კარლო ტუორი, და მოესმინა მათი მოსაზრებები. წარდგენისას აღინიშნა, რომ შუამდგომლობის მიზანია, სასამართლომ უშუალოდ მოისმინოს ექსპერტების პროფესიული შეხედულებები სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის, მათი შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ექსპერტების მონაწილეობა ხელს შეუწყობდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის სრულყოფილ გამოკვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკური პლურალიზმის, პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური კონკურენციის დაცვის გარანტიების ნაწილში.
მეორე შუამდგომლობით „ლელო“ ითხოვდა, არსებითად განსახილველად მიეღოთ მის მიერ 2025 წლის 28 ოქტომბერს წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი №1907. მასში სადავოა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობა.
სარჩელის მიზანია, სასამართლომ შეაფასოს სადავო ნორმების შესაბამისობა კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან და თავისუფლებებთან, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაერთიანების თავისუფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, პოლიტიკურ პლურალიზმთან და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ გარანტიებთან, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს უფლებები და პრინციპები სარჩელშია დასაბუთებული. სასამართლომ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.











