მასკი: უკრაინის ძალებმა Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვიეს, ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა

SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს Starlink-ის მომსახურების პირობები და სისტემა ადამიანების მოსაკლავად დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს. მისივე თქმით, ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა. მასკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მასკის განმარტებით, Starlink კომერციული დანიშნულების სამოქალაქო სერვისია და მისი გამოყენება ადამიანების მოსაკლავად დრონებით დარტყმებისთვის არასოდეს ყოფილა დაშვებული და არც უნდა იყოს.
Starshield-ზე მასკი ამბობს, რომ ეს განსხვავებული სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაც მათზეა დამოკიდებული.
მასკი წერს: „Starlink-ი კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ამ ეტაპზე ის ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. Starlink-ის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა. ეს მუქარა არ არის - ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა”.
მისი თქმით, Starlink-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსეთმა უკრაინის დაპყრობა ვერ შეძლო, რადგან კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალება რუსეთმა გაანადგურა ან ჩაახშო.
მასკი ასევე წერს: „SpaceX-მა უკრაინის დასაცავად შეუდარებლად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე არსებულმა ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ. ამასთანავე, უკიდურესი ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობ იმ ბოროტი, ომის მომხრე ადამიანების მიმართ, რომლებიც „კეთილშობილების დემონსტრირებით“ არიან დაკავებულები, უსასრულო ხოცვა-ჟლეტას უჭერენ მხარს და კონფლიქტის მოგვარების არავითარ რეალისტურ გზას არ გვთავაზობენ. ჯოჯოხეთში დაიწვით! სულ ეს არის“.











