სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დასავლური მედიის ცნობით, საარჩევნო პროცესი აღიქმება, როგორც დაპირისპირება ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და სტუდენტურ მოძრაობა „სტუდენტურ სიას“ შორის. სტუდენტური მოძრაობის წევრები თითქმის ორი წლის განმავლობაში ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
ქვეყნის 250-წევრიან პარლამენტში მოსახვედრად არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს.
მიიჩნევა, რომ მთავარ კონკურენტებს, „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და „სტუდენტურ სიას“, ამომრჩეველთა მხარდაჭერის თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ. ამის გამო კვირას დაგეგმილი არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე არაპროგნოზირებად არჩევნებად იქცა. მოსალოდნელია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რამაც შესაძლოა მცირე პარტიების უმეტესობას პარლამენტში მოსახვედრი 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეუშალოს ხელი.
ალექსანდრ ვუჩიჩი ათ წელზე მეტია სერბეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. გასულ თვეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ვუჩიჩმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრის მიზნით.
დასავლური მედიის ცნობით, ეს არის ყველაზე სერიოზული საარჩევნო გამოწვევა, რომლის წინაშეც ვუჩიჩის პარტია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დგას.











