სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარიას“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დარბაზში უკმაყოფილება გამოითქვა

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარიას“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დარბაზში უკმაყოფილება გამოითქვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადების თაობაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფ პოლიტიკოსებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, განჩინება საბოლოოა.

ნადარაიამ აღნიშნა, რომ მხარეს შუამდგომლობით სასამართლოსთვის თავის დროზე უნდა მიემართა, ახლა კი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „თავის დროზე უნდა მოემართა მხარეს, თუ საქმის განხილვის გადადება სურდა, რომ მისთვის რაიმე ვადა არასაკმარისი იყო. მესამე დღეა სხდომას ვიხილავთ და ახლა დგება შუამდგომლობა გადადების თაობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება! გააკეთა სასამართლომ განმარტება და თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, რა გავაკეთო?!“ - განაცხადა მან.

დარბაზიდან ნადარაიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ უპასუხა და თქვა, რომ შუამდგომლობის დაყენებისას საქმის გაჭიანურების მიზანი არ ჰქონია. „ჩემი ჯერი შუამდგომლობების დაყენების მოვიდა დღეს. პირველი მოვითხოვე საქმის გამოყოფას და შემდეგ გადადება. გაჭიანურების მიზანი რომ მქონოდა, უამრავ შუამდგომლობას დავაყენებდი, მე საქმიანი შუამდგომლობები მაქვს. გთხოვთ, ჩემი ვადით სარგებლობის უფლებას“, - განაცხადა სიჭინავამ.

პლენუმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოსამართლე ევა გოცირიძემ განმარტა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის გასაცნობად ერთი კვირა არსებობდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარე კარგადაა მომზადებული.

„არ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ მიიღებს თქვენგან რაიმე დოკუმენტაციას, შესაგებელს, მოსაზრებებს. ეს პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, ასე მალეც არ დამთავრდება. ის ერთი თვე, რომელიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, გექნებათ.

კი, ერთი კვირა შეიძლება ისეთი დიდი დრო არაა, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მომზადებული ხართ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ ხართ კარგი მომზადებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ცოტა ხელოვნური ხომ არაა. ეს სარჩელი დიდი ხანია შემოსულია და საზოგადოებაშიც იყო საუბარი. კი დაემატა თქვენი პარტია, მაგრამ სარჩელი დიდი ხანია შემოსულია“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძეს დარბაზიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ უპასუხა და თქვა, რომ „სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა“. „ქალბატონო ევა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, სარჩელი კი არა მაკულატურაა, ვიდრე წარმოებაში არ მიიღებთ. რა ვალდებულება გვაქვს წარმოებაში არ მიღებული სარჩელი დავამუშაოთ?“ - აღნიშნა მან.

გოცირიძეს ასევე ბერდია სიჭინავამ უპასუხა: „8 თვის წინ „ნაცმოძრაობაზე“ რომ რაღაც ეწერა, ის უნდა დამემუშავებინა იმიტომ, რომ არჩილ გორდულაძეს შეიძლება მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლება დავემატებინე მეხუთე პარტიად?“

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ