4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისმა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ სანდერი საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ბოგვერაძის თქმით, სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.
სასამართლო პროცესზე ნანა სანდერმა განაცხადა: „დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“.
ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს. პროკურორის განმარტებით, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
ამავე საქმეზე აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. ანტონ უპერი ძებნაშია, მარიამ მეყანწიშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 12 ბრალდებული იყო. მათგან 8 პირს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. მათ ბრალი აღიარეს.











