ადვოკატი: დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განაცხადა.
ფილაურის თქმით, ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაუყენეს.
„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი, რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით, დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის რამეში დამნაშავეა, ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა. მისი პოზიცია ასეთია, ის მზად არის ბრძოლისათვის“, - აცხადებს ფილაური.
ადვოკატმა უარყოფითი პასუხი გასცა კითხვას, უკავშირებს თუ არა ჩუბინიძე დაკავებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილში მის ხსენებას.
„ეს კითხვა მეც გამიჩნდა და დავუსვი, ის იცნობს ირაკლი ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ მასალებს. ვკითხე, ხომ არ იცნობს მას პირადად, ხომ არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია, რაზეც მიპასუხა, რომ საერთოდ არ ვიცნობ, როგორც ყოფილ პოლიტიკოსს, ისე ვიცნობ, სატელეფონო კომუნიკაციაც კი არასდროს მქონია მასთანო. ცოტა გაკვირვებულია, სხვათა შორის, მან უფრო ვერ დააკავშირა ეს დაკავება მასთან, საზოგადოებას გაუჩნდა ეს კითხვა, მათ შორის, მეც და ლოგიკური იყო, ეს კითხვა დამესვა“, - განაცხადა ფილაურმა.
გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.











