პოლიტიკა

კუპრაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში პოლიტიზებულ პროცესს ვადევნებდით თვალს

ირაკლი კუპრაძე - სამი დღის განმავლობაში გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული პროცესისა - როცა ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი შეაფასა. მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში მოწმენი გახდნენ სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც მართლმსაჯულებასთან არაფერი აქვს საერთო.

კუპრაძემ განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის პრემიერი ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“ აცხადებს, ეს ერთ რამეს ნიშნავს: გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში მათ ისიც ვერ გაიგეს, კონკრეტულად რა ბრალდება ეხება „ლელო - ძლიერ საქართველოს“.

„სამი დღეა ვისვამთ მარტივ კითხვას: რა კონკრეტული ბრალდება ეხება „ძლიერ საქართველო-ლელოს“- პასუხი ვერ მივიღეთ!“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, ეს არის დროში აცდენილი აბსურდი, რადგან მათ აიძულებენ 2007-2009 წლების მოვლენებზე იმსჯელონ, მაშინ როცა „ლელო“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. კუპრაძე აცხადებს, რომ ამ აბსურდის მასშტაბურობა პლენუმის ერთ-ერთმა მოსამართლემაც დაადასტურა.

კუპრაძის თქმით, სასამართლომ მათი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა: უარი თქვა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვაზე, ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვაზე და პარტიის შარშანდელი სარჩელის განხილვაზე, რომელიც ამ პროცესის კონსტიტუციურობას ეხება. მას მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლების იზოლაციონისტური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა.

კუპრაძემ აღნიშნა, რომ განხილვის დაწყებამდე ორი მოსამართლის ჩანაცვლებამ და პროცესის ფორსირებამ „არაქართული ოცნების“ დაკვეთა და ინტერესი გამოავლინა.

მისი განცხადებით, „ძლიერი საქართველო-ლელო“ ბრძოლას არ აჩერებს, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. კუპრაძემ დასძინა, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს არცერთი მოქალაქე წარმომადგენლობისა და პოლიტიკური არჩევანის გარეშე არ დარჩეს. მისივე თქმით, პარტია დღესვე უერთდება შაბათის მარშს ერთპარტიული მმართველობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ