GCCA-ის წარმომადგენელმა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვედრები გაუმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტარიელ გიორგაძემ, 22-23 ოქტომბერს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებს გიორგაძემ GCCA-ის საქმიანობა, მანდატი და უფლებამოსილებები გააცნო. სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას დაეთმო. განხილულ იქნა მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობები.
პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge იყო. იგი პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა.
დამსწრეებს პორტალის მუშაობის პრინციპი, პრაქტიკულობა და მიზანი დეტალურად გააცნეს. მისი მეშვეობით მომხმარებელს ერთიან ელექტრონულ სივრცეში შეუძლია საბაზისო სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების შედარება და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. სააგენტოს თქმით, პორტალი ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვასაც უწყობს ხელს.
შეხვედრები GCCA-ის მიერ ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილია. ისინი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა და რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავს მიზნად.











