რეგიონები

სახალხო დამცველი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი ნერგეეთისა და ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, მისი მოადგილე ირინე ჩიხლაძე და აპარატის წარმომადგენლები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე ადგილობრივებს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.

ნერგეეთის მოსახლეობამ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივების თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტირებული ამბულატორია ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა და სოფელში ამბულატორია არ ფუნქციონირებს. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა 2024 წელს განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ დასახლების გეოლოგიური საფრთხეების საფუძვლიანი შესწავლის საჭიროება. მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციასა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობაზეც საუბრობდა, ეკონომიკური გაძლიერებისთვის კი მნიშვნელოვნად სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედება დაასახელა.

ოფურჩხეთში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გრანიტის ღია წესით მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. მოსახლეობა სალიცენზიო პირობების არაერთგზის დარღვევასა და გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე მიუთითებს, სასმელი წყლის დაბინძურებასაც კი გრანიტის მოპოვებას უკავშირებს.

ადგილობრივებმა არასტაბილურ ენერგომომარაგებაზეც ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი ტყის მასივში მდებარე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ხშირი დაზიანებაა. მიწოდების შეფერხება განსაკუთრებით მძიმეა ზამთარში და ადგილობრივი საბავშვო ბაღის მუშაობის ხშირ შეწყვეტასაც იწვევს.

სახალხო დამცველის აპარატი შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასახელებულ საკითხებს შეისწავლის და მათი ადვოკატირების მიზნით შესაბამის უწყებებთან გააგრძელებს მუშაობას.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ