ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. მას მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდება ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. მან საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა და მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.
სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, მოპარული ლითონის ნაკეთობები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







