ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილი აუქმებს. მისი თქმით, ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა „ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს არაფერი სამართლებრივი არ სცხია. მისი თქმით, „ფედერალისტები“ უარს ამბობენ ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც მისივე დაწერილი ფინალი ექნება, და მსხვერპლის როლის თამაშზე.
„მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა“, - განაცხადა მან.
ჩერგოლეიშვილმა დაამატა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები დაემთხვა მათ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. მისი თქმით, ისინი უბან-უბან დადიან და ცდილობენ პოლიტიკას დაუბრუნონ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას საერთო საქმედ აქცევს.
მისივე თქმით, თუ სურთ, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები ხალხის პრობლემებზე უნდა ლაპარაკობდნენ და არა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს, აიკრძალოს და არაკონსტიტუციურად ცნონ 5 ოპოზიციური პარტია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება.











