უკრაინამ და რუსეთმა შვიდ-შვიდი სამოქალაქო პირი გაცვალეს

უკრაინამ რუსეთიდან შვიდი სამოქალაქო პირი დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციას ავრცელებს.
ლუბინეცის თქმით, ამდენივე სამოქალაქო პირი რუსეთშიც დაბრუნდა. გაცვლა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან, იანა ლანტრატოვასთან შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
დაბრუნებულებს შორის არიან 90 წლის ქალი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, და 50 წლის უკრაინელი ქალი, რომელსაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი და სხვა დაავადებებიც აწუხებს. ლუბინეცმა განაცხადა: „ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი დაბრუნებისას უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტირების აუცილებელი პირობები“.
მისივე ინფორმაციით, გაცვლის ფარგლებში ახალგაზრდა ქალისა და მისი შვილის დაბრუნებაც მოხერხდა. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ისინი მარიუპოლში იმყოფებოდნენ. საბრძოლო მოქმედებებისა და ქალაქის ოკუპაციის გამო ქალმა ოჯახთან დაბრუნება ვერ შეძლო.
უკრაინის ომბუდმენის სიტყვებით: „ყოველი ასეთი დაბრუნების უკან დგანან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და ოჯახები, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ელოდებიან. მადლობას ვუხდი რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულს, იანა ლანტრატოვას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ჰუმანიტარულ საქმიანობას, რათა შინ დაბრუნების ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდეს“.











