მსოფლიო

ბელგრადში „სტუდენტური სიის“ 150 000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა

ბელგრადში „სტუდენტური სიის“ 150 000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ცენტრში ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობის, „სტუდენტური სიის“, 150 000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა. სტუდენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, ხელში კი დროშები ეჭირათ წარწერით: „სტუდენტები იმარჯვებენ“. დემონსტრანტები საბოლოოდ სლავიას მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მათი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა.

„სტუდენტური სია“ მოძრაობაა, რომელსაც კონკრეტული ლიდერი არ ჰყავს და სტუდენტების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს აერთიანებს. კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მას სურს, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხოს და მისი 14-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

250-ადგილიანი პარლამენტის არჩევნებში მოძრაობას 250 კანდიდატი ჰყავს, რომელთაგან ბევრი აკადემიური წრეებიდანაა. მოძრაობას ფართო პროგრამა აქვს, თუმცა მისი მთავარი დაპირება კორუფციასთან ბრძოლაა.

ვუჩიჩმა სტუდენტური მოძრაობა არაერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ ის უცხოური დაფინანსებით გადატრიალების მცდელობას ახორციელებს. გუშინ, ამომრჩეველთან შეხვედრისას, მან განაცხადა: „არასდროს დავივიწყოთ, როგორ ცდილობდნენ ისინი ჩვენი სახელმწიფოს დამხობას. მოდით, მუდამ დავიცვათ იგი. წავიდეთ და დავამარცხოთ ისინი! დავამარცხოთ გადამწყვეტად!“

ვუჩიჩი ათ წელზე მეტია, სერბეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი. გასულ თვეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა და პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრის მიზნით.

დასავლური მედიის ცნობით, ეს არის ყველაზე სერიოზული საარჩევნო გამოწვევა, რომლის წინაშეც ვუჩიჩის პარტია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგარა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ