ტრამპი: სტივენ ჰაბარდი ჩემი თხოვნით გაათავისუფლეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთში დაკავებული ამერიკელი სტივენ ჰაბარდი მისი თხოვნით გაათავისუფლეს. ტრამპმა ეს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. მისივე თქმით, ჰაბარდი რუსეთმა ოთხი წლის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა.
ტრამპის ცნობით, ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას სთხოვა.
ტრამპმა დაწერა: „სტივენი უკვე სახლში ბრუნდება და მალე ოჯახთან ერთად იქნება. პრეზიდენტ ტრამპის პატივისცემის ნიშნად აშშ-ს სანაცვლოდ არაფრის გაცემა არ დასჭირდა, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ გათავისუფლებისთვის არანაირი „გაცვლა“ საჭირო არ გამხდარა. ეს მნიშვნელოვანი დაბრუნება დიდი ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უნდა მომხდარიყო, რომელმაც კრემლთან მოლაპარაკებებში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია“.
მოსკოვში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესახებ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გამოაცხადა.
74 წლის სტივენ ჰაბარდს 2024 წელს მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლისთვის 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.











