მსოფლიო

Politico: ევროპა პუტინთან მოსალაპარაკებელი წარმომადგენლის შერჩევაზე ფიქრობს

Politico: ევროპა პუტინთან მოსალაპარაკებელი წარმომადგენლის შერჩევაზე ფიქრობს

ევროპის ქვეყნების მთავრობებში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შესაძლოა მალე დასჭირდეთ კანდიდატის შერჩევა, რომელიც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, ვის უნდა დაეკისროს ასეთი სარისკო ამოცანა. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრა და პუტინს დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა.

ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის განცხადებით, პუტინი ევროკავშირს გავლენიან ძალად არ აღიქვამს და დიალოგი არ სურს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასთან. პაველის აზრით, ევროპამ უნდა განსაზღვროს პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც მოლაპარაკებების წარმართვის მანდატს მისცემს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში ტრამპმა უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა იმით, რომ მათი გვერდის ავლით პირდაპირ პუტინს ესაუბრა; ამასთან, ის სულ უფრო მეტ მზაობას ავლენს, რუსეთის მხარე დაიჭიროს“. Politico-ს ცნობით, ამან ბრიუსელსა და მის ფარგლებს გარეთ კვლავ გააცოცხლა დისკუსია იმის შესახებ, რომ ევროპას კრემლთან პირდაპირი კომუნიკაციის საკუთარი არხი სჭირდება. ეს რეგიონის ინტერესების დასაცავად და უკრაინის შესაძლებლობის გასაძლიერებლად არის საჭირო, რომ მან მისთვის არახელსაყრელ, უთანასწორო შეთანხმებას წინ აღუდგეს.

ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს იმაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას. შესაძლო კანდიდატებად ასახელებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. ყურადღებას იქცევს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც, რომელსაც ევროპელ დიპლომატთა შეფასებით, ტრამპთან კარგი ურთიერთობა და რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, წარმომადგენლის არჩევისას მთავარი მოლაპარაკებებში მისი ეფექტიანობა უნდა იყოს და არა პირადი პოლიტიკური ამბიციები. იმავე დიპლომატის განცხადებით: „სტუბი საინტერესო კანდიდატია, რადგან ფინეთს რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება და მასთან ტრადიციული დიალოგის პრაქტიკა აქვს. ჩვენს მხარეს მათ სხვებზე უკეთ ესმით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთ ვითარებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნო“.

ევროკავშირის მეორე დიპლომატის თქმით, სტუბი „ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანია, რომელმაც პოლიტიკური ლიდერობის მაღალ დონეზე გამოჩენის მზადყოფნა გამოთქვა“ და შესაძლოა, მომავალ სამშვიდობო სამიტზე ევროპის წარმომადგენლის როლი შეასრულოს.

სამშაბათს სტუბი ნორვეგიაში ზელენსკისა და უიტკოფთან ერთად იმყოფებოდა და მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ