პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს 22 წლის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა ტომაშ სემონიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სემონიაკის თქმით, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რომელიც ამ წლის ივნისში მოხდა, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებული საქართველოს 22 წლის მოქალაქეა და მას რობერტ კ.-ს მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილობა ედება. სასამართლომ მას 3 თვით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიება გრძელდება და შესაძლოა კიდევ განვითარდეს“, - წერს სემონიაკი.
საუბარია პუტინის კრიტიკოსის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაზე. ის პოლონეთში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.
ამავე საქმეზე 18 ივნისს ვარშავის მახლობლად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 36 წლის ელნურ ა., დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აგვისტოში კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიდევ ერთ მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული.











