სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებად არდაშვება სთხოვა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ იქნას დაშვებული. მისი განცხადებით, დასკვნის სამართლებრიობა ნორმატიული არ არის და უფრო პოლიტიკური აქტია.
სიორიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები სწორედ პოლიტიკურ განცხადებებს ეყრდნობა და ისინი მათ მტკიცებულებად აქვთ მოტანილი. მისი თქმით, სარჩელის მთავარი ეგრეთ წოდებული მტკიცებულება საგამოძიებო კომისიის დასკვნაა.
სიორიძემ მოიხსენია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას. მისი თქმით, შუამდგომლობის მიღება, შეფასება თუ საქმიდან ამოღება სასამართლოს დისკრეციაა.
მან განმწესრიგებელი სხდომაც შეეხო და განაცხადა, რომ პლენუმისთვის საქმის გადაცემის შემდეგ პროცესები ძალიან სწრაფად წარიმართა. სიორიძის თქმით, მათ განმწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა მისი აზრით, ის ზეპირად უნდა ჩატარებულიყო და პროცედურულ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირების საშუალება უნდა ჰქონოდათ.
სიორიძემ თავმჯდომარეს, რევაზ ნადარეიშვილს მიმართა და თქვა, რომ მას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სასამართლოს კრიტერიუმებზე იმის შესახებ, როგორ უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები. მისი თქმით, გაუგებარია, სად გადის ზღვარი მტკიცებულებასა და სქოლიოს შორის.
შუამდგომლობა ეხება წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და სქოლიოში მითითებულ სოციალური ქსელის ბმულებს, რომლებიც პოლიტიკოსების განცხადებებს შეიცავს. სიორიძის თქმით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური განცხადებები სამართლებრივად შეფასებადი არ არის, ეს ბმულები მტკიცებულებად არ უნდა იყოს მიღებული.
სიორიძემ დასძინა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის ნორმატიულობის საკითხზე პლენუმმა 2025 წელს უკვე მიიღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების 35-ე და 36-ე პარაგრაფების მიხედვით, ნორმატიული შინაარსის არარსებობის გამო, ასეთი აქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანი ვერ იქნება.
სტატიაში მოხსენიებული პირები











