გეგელია: პარტიების აკრძალვის პროცესი თავისუფალი საქართველოს აკრძალვის პროცესია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესი თავისუფალი საქართველოს აკრძალვის პროცესია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების ოპტიკური ილუზია არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია.
გეგელიამ თქვა: „ვფიქრობ, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, ეხება ყველა ქართველს. მილიონ ქართველს ეუბნებიან, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი არ არის კონსტიტუციური“. მისივე შეფასებით, პარტიებს იმიტომ კრძალავენ, რომ კონკრეტულად ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ აჩვენა ხმების მობილიზების მაღალი რესურსი და პოტენციალი.
პოლიტიკოსის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ვერ მოიყვანს ბრალდებას, რომელიც თავად არ აქვს ჩადენილი. მისი სიტყვებით, „დღეს „ქართული ოცნება“ წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას, როინიშვილი და შარმანაშვილი ასამართლებენ საკუთარ თავს“. გეგელიამ დასძინა, რომ ტერორიზმზე საუბარი აბსურდია, რადგან მმართველი გუნდი თავად დგას „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“.
წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა სარჩელის შეტანა დასავლური კრიტიკის პასუხი იყოს, გეგელიამ უპასუხა, რომ ივანიშვილი გარე ზეწოლას საქართველოს დაზიანებით პასუხობს. მისი თქმით, ივანიშვილი ევროპას თავის ძალას აჩვენებს. გეგელიამ ციანიდის საქმეც ივანიშვილის მიერ მოწყობილ საქმედ მოიხსენია და განაცხადა, რომ ივანიშვილმა საპატრიარქოს თავს დაესხა.
გეგელიას შეფასებით, პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება სრული ნონსენსია და სწორედ ეს იქნება ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც ივანიშვილს უკან დასახევი რესურსი აღარ ექნება. მისი თქმით, საუბარია ხუთ პარტიაზე, რომლებსაც ჯამში მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. პოლიტიკოსის მტკიცებით, ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
სამომავლო გეგმებზე გეგელიამ თქვა, რომ პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებენ და ბრძოლის ყველა შესაძლო ფორმას გამოიყენებენ. მისი თქმით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატია აბსოლუტურად გაუქმდება, შეიქმნება გამოგონილი ოპოზიციური პარტიები, ხოლო საბოლოოდ საქართველო „რუსულ ჭაობს“ დაემსგავსება, სადაც ინვესტორი არ შემოვა.
სტატიაში მოხსენიებული პირები











