პოლიტიკა

კოპალეიშვილი: საკონსტიტუციოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინის საფუძველი არ არსებობს

მაია კოპალეიშვილი - იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას”, პარტიები აკრძალოს, არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საქმეზე კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.

კოპალეიშვილის თქმით, სხვა შემთხვევებშიც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისას, საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო. ამიტომ ის მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა პლენუმი პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც მმართველი გუნდის სარჩელს დააკმაყოფილებს.

„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველას გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ დაკმაყოფილდეს ეს კონსტიტუციური სარჩელი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნას იმიტომ, რომ რატომღაც საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე განხილვები, სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ინტერესებისათვის, ვიცით, რომ ყოველ ჯერზე „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდა.

ამ შემთხვევაში, იმდენად გაცხადებული ინტერესები აქვს „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, თან ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა ეს და თქვა კიდეც, რომ არჩევნების შემდეგ აიკრძალება პოლიტიკური პარტიებიო, რომ არ არის იმის არანაირი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რამეთუ ამ პოლიტიკურ პარტიებს არცერთს არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ