პოლიტიკა

სამადაშვილი: შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს

სალომე სამადაშვილი - შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს - გაფართოების ანგარიშით კი კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებით საქართველო კარგავს ისტორ

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებას ერთადერთი ძალა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს.

სამადაშვილმა განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოებმა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი გახადა ორი რამ: ერთი, რეალურად ერთადერთი პარტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების მოხდენას, მმართველი ძალაა. მეორე, ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან ნათლად დაინახა რა განსხვავებაა, როგორც პროფესიული, ასევე, მორალური და ზოგადად პოლიტიკური მომზადების დონის თვალსაზრისით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო ამ პროცესის წამოწყება, რადგან სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მმართველი რეჟიმისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი ალბათ, ამ სხდომის შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ აუცილებელი და გარდაუვალია პოლიტიკური ცვლილება ქვეყანაში“.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით სამადაშვილმა თქვა, რომ ელოდება, ანგარიში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული იქნება.

მისი სიტყვებით: „მე ველოდები, რომ გაფართოების ანგარიში იქნება კიდევ უფრო კრიტიკული საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან გასული წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ რეგრესი ყველა მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება იმის ფონზე, რომ იგივე ანგარიში კიდევ უფრო ნათელი გახდება წარმატებული ქვეყნებისთვის, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის ვალდებულებებს, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ სპეციალურად მათზე მორგებული სამოქმედო გეგმები იქნება, რაც დააჩქარებს მათ ინტეგრაციას ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებით საქართველო კარგავს ისტორიულ შანსს“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ