ხაზარაძეების ფონდის მოწვევით საქართველოს ბრიუსელის სენ-ჟილის მერის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია

„ხაზარაძეების ფონდის“ მოწვევით საქართველოს ბრიუსელის სენ-ჟილის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
დელეგაციაში შედიოდნენ ბრიუსელის ისტორიული ძეგლის, „ეგიდიუმის“ (Aegidium) აღდგენის პროექტში მონაწილე არქიტექტორები, რესტავრატორები, მკვლევრები, ხელოვნებათმცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ფონდის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია ქართულ-ევროპული კულტურულ-ისტორიული კავშირების გამყარება და იმ საერთო ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც ბრიუსელის ცენტრში „ეგიდიუმის“ აღორძინების პროექტს უდევს საფუძვლად.
ფონდის ინფორმაციით, „ეგიდიუმი“ (წარსულში Diamant Palace) რამდენიმე თვის წინ ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში გადავიდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, შენობას პირვანდელი დანიშნულება უბრუნდება და ის საქართველოსა და ევროპას შორის კულტურული, საგანმანათლებლო და დიპლომატიური დიალოგის მუდმივმოქმედ სივრცედ იქცევა.
სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს ეროვნული გალერეა, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დაესწრნენ სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის რეპეტიციას. ასევე ეწვივნენ თბილისის სამხატვრო აკადემიას, „თიბისი“ ბანკის ისტორიულ შენობას და Lisi Development-ის თანამედროვე სივრცეს. ფონდის თქმით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათზე თბილისის არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურამ, სოლოლაკის ისტორიულმა ქუჩებმა და მწერალთა სახლმა მოახდინა. დელეგაციამ მთაწმინდაზე ფუნიკულიორითაც ისარგებლა, რომლის იდეაც XIX საუკუნეში ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობს ეკუთვნოდა.
კულტურული მარშრუტი მცხეთაში გაგრძელდა. სტუმრები ეწვივნენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და მის ისტორიულ სამრეკლოს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით აღდგა, ასევე მის მიერვე აღდგენილ „შატო მუხრანს“ (Château Mukhrani), სადაც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს გაეცნენ. შემდეგ დელეგაცია კახეთში, „ვაზისუბნის მამულში“ იმყოფებოდა, ვიზიტი კი წინანდალში, Jazz & Wine Festival-ზე დასრულდა.




