გოცირიძე რუსთაველზე: ეს „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ვითარებას „კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილ სახეს“ უწოდებს. მისი აზრით, „უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის“ ხელისუფლება უნდა გადაგდეს.
გოცირიძე იხსენებს, რომ დაახლოებით 30 წლის წინ გერმანიის პატარა ქალაქ რაინეში, ნიდერლანდების საზღვართან, სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა. ეს პერიოდი დაემთხვა ჩემპიონთა თასის ფინალს „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის. ბილეთის გარეშე მატარებლით ამსტერდამში წავიდა, თუმცა ამსტერდამის ახლო ქალაქებში სასტუმროშიც კი თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ნომერი ჰაარლემში ძლივს იშოვა და თამაშიც იქ უყურა.
მისი თქმით, იტალიიდან და ესპანეთიდან მატარებლით ათეულობით ათასი გულშემატკივარი ჩადიოდა. ცენტრალური სადგურიდან ქალაქის გულისკენ მიმავალ ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მეტროპოლიტენს აშენებდნენ. არამყარი ნიადაგის გამო გვირაბის გაყვანა ვერ ხერხდებოდა და მშენებლობა ღია მეთოდით მიმდინარეობდა, დაახლოებით ისე, როგორც ახლა რუსთაველის გამზირზე. ათასობით იტალიელი და ესპანელი ქომაგი სიმღერით მიემართებოდა სტადიონისკენ ამ მშენებარე ქუჩის ტროტუარით. გოცირიძის თქმით, სამუშაო ზონა იმდენად იდეალურად იყო იზოლირებული, რომ არც ტალახი აჭუჭყიანებდა რამეს და არც ქვიშის გორებიდან წამოსული მტვერი.
„რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს-მოქალაქეებს ატყუებენ, დასცინიან, ძარცვავენ და თავისუფლებას უზღუდავენ“, - წერს გოცირიძე.
მისი განცხადებით, ნორმალურ სახელმწიფოში რუსთაველის პროსპექტის მსგავსი ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა. „ესენი რისი გადადგომები არიან, გასაგდებები არიან და ასეც მოხდება“, - დასძენს გოცირიძე.
სტატიაში მოხსენიებული პირები











