მსოფლიო

კალასი: პუტინის დასწრება „დიდი ოცეულის“ სამიტზე ომის დანაშაულებს ნორმად აქცევს

კაია კალასი “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრებაზე - ქმნის რისკს, რომ ომის დანაშაულები ნორმად იქცეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრება რისკს ქმნის: რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო ფორუმებზე ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს, მაშინ როცა უკრაინაში ომი გრძელდება.

Bloomberg Television-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კალასმა თქვა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ლიდერის მიწვევა უამრავ სერიოზულ კითხვას აჩენს. მისი თქმით, ეს ქმნის რისკს, რომ „ნორმად იქცეს ის ომის დანაშაულები, რომლებიც უკრაინაში ამჟამად ყოველდღიურად ხდება“.

კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ატლანტაში გამართულ „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო. კალასის შეფასებით, ლავროვი ამ შეხვედრაზე სულაც არ ყოფილა კონსტრუქციული. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ლავროვის განცხადება, რომ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება.

კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთს მშვიდობა მართლა რომ სურდეს, უპირველეს ყოვლისა, შეწყვეტდა თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

მისივე თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვს იმის დაჯერების საფუძველს მისცემს, თითქოს მათ შორის განხეთქილება ჩნდება. კალასის თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ დრო მის მხარესაა და მოლაპარაკებებში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რადგან დასავლეთისგან დათმობებს ელოდება.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ