ილია II-ის დაკრძალვაზე სახელმწიფომ 722 645 ლარი დახარჯა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ხარჯების ჯამურმა ოდენობამ 722 645 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები განისაზღვრა. მათ შორის იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზება დაევალა.
მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს ხარჯების დასაფინანსებლად 3 000 000 ლარი გამოეყო. 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულებით ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა, ხოლო 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.
კულტურის სამინისტრომ ღონისძიების ორგანიზებისთვის 26 ხელშეკრულება გააფორმა. ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს კომპანიებმა: „პროგრეს სერვისმა“, „ლიტექს-სერვისმა“ და „ჯითი გრუპმა“ (GT GROUP). „აქვა გეომ“ უსასყიდლოდ გადასცა 5 000 ბოთლი 0,5-ლიტრიანი წყალი. რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით შეღავათიან ფასებში გაწია.
განცხადებაში ისიც წერია, რომ ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორსა და შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს (მომღერლები, მგალობლები და სხვა) ჰონორარი არ აუღიათ.











