მსოფლიო

ნუნიესი: საარჩევნო კონტექსტში საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ საქართველოც მოექცა

ნუნიესი: საარჩევნო კონტექსტში საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ საქართველოც მოექცა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატში განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რამდენიმე ევროპული ქვეყანა საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოექცა. მისი თქმით, ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო.

ნუნიესი სენატის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ. მინისტრმა გარე ჩარევასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.

მინისტრის განმარტებით, კანონპროექტი სპეციალურ სასამართლო პროცედურას ითვალისწინებს. ის სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ოპერატიულად მოითხოვოს ისეთი ყალბი ინფორმაციის წაშლა, რომელიც ერის ფუნდამენტურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

„დღეს, ეჭვი აღარ არსებობს, რომ ერის უსაფრთხოება ირკვევა არა მხოლოდ მის საზღვრებში ან ქუჩებში. ის ასევე ირკვევა ციფრულ სივრცეში, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და დემოკრატიული არჩევანი ახლა ყალბდება“, - განაცხადა ნუნიესმა.

მისივე თქმით, „ევროპული დემოკრატიები უკვე რამდენიმე წელია ჩარევის სტრატეგიების წინაშე დგანან, რომელთა მიზანია დემოკრატიული პროცესების ცვლილება და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება“.

ნუნიესმა შეახსენა, რომ 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოური ჩარევისა და ონლაინ ინფორმაციის მასიური მანიპულაციის ეჭვების ფონზე საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად ცნო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დემოკრატიების შესუსტების მსურველებისთვის არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა სავალდებულო არ არის. მისი თქმით, საკმარისია, ხალხს დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„მათთვის, ვინც ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, საჭირო არაა არჩევნების ორგანიზებაში ჩარევა ან მისი შედეგების შეცვლა. საკმარისია ხალხს დააჯერონ, რომ ის გაყალბდა. შედეგად, ეჭვი პოლიტიკური იარაღი ხდება და მოქალაქეების ინსტიტუტებისადმი ნდობა ამის პირველი მსხვერპლია“, - განაცხადა მან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ