დავით ფეიქრიშვილი ოპერაციისთვის კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მას ოპერაციისთვის ამზადებენ. ჩხაიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ფეიქრიშვილი კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს.
„ტრამვული დაზიანებები აქვს ზემო კიდურების… არის მოტეხილობა, აღენიშნება ასევე ნაკვეთი ჭრილობები ხელებზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მისივე დადასტურებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში გუშინ, 19 ოქტომბერსაც იყო გადაყვანილი.
ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და „კაწრომ“. ადვოკატმა თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებაც მიიყენა, ხოლო მისი თქმით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავითს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები და სახის ძვლები, ასევე დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილის ცემა კვლავ უარყო. უწყება ამ ეტაპზე არაფერს ამბობს დავით ფეიქრიშვილის „ვივამედში“ გადაყვანაზე, არც 19 ოქტომბერს და არც 20 ოქტომბერს.
ადვოკატის მონათხრობის მიხედვით, ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა. ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი [კაწრო] გასულ კვირას რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დააკავეს.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მათ წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილა ძმების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი გეგმავდა. ამ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში გამოძევების შემდეგ დააკავეს.











