რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა.
სააგენტოს ცნობით, მათ შეტყობინება მიიღეს რუსთავიდან თბილისის ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, ძაღლი მან 8 ოქტომბერს რუსთავში, ლეონიძის სკვერში იპოვა. იმავე დღეს ერთ-ერთ კლინიკაში წაიყვანა, შემდეგ კი სხვა კლინიკაში გადაიყვანა. ამავდროულად, სოციალურ ქსელსა და მედიაში დაკარგული ძაღლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი დადასტურდა (გამოცდის ოქმი №10367/1).
სააგენტო რუსთავის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ფერის ძაღლთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.
სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან ათეულობით ადამიანს ჰქონდა კონტაქტი. მათ შორის არიან რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალი. საუბარია კლინიკებზე: „ზოოპლაზა“ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, „ვეთჰაუსი“ მიცკევიჩის ქუჩაზე, №70-ში და რუსთავის „ვეთ სითი“. პერსონალმა სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართა, ხოლო ამ კლინიკებში სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები ჩატარდა.
სააგენტო მოქალაქეებს რაბიოლოგისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებს.











