საფრანგეთი შაბათისთვის დაგეგმილი აქციების დროს პოლიციას ჯარისკაცებით გააძლიერებს

საფრანგეთის ხელისუფლება შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს პოლიციას ჯარისკაცებით გააძლიერებს და უსაფრთხოების მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
„მომავალ შაბათს ჯარისკაცების განლაგება მასშტაბური იქნება“, - თქვა ლეკორნუმ. მისი თქმით, 17 ოქტომბერს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში არეულობისა და ძარცვის შემდეგ წესრიგის აღდგენა მისთვის პრიორიტეტულია.
პრემიერმა აღიარა, რომ შაბათ-კვირას მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირებაში ხარვეზები იყო. მისი განმარტებით, დაზვერვის სამსახურმა სათანადო ინფორმაცია ვერ მოიპოვა, პოლიციის ძალები კი ადგილზე ზედმეტად სტატიკურად იყვნენ განლაგებული. ხელისუფლებამ შეცდომა იმითაც დაუშვა, რომ პოლიციელებისთვის დაგეგმილი შვებულება არ გააუქმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა. „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ვაღიარებ, რომ პასუხისმგებლობის ჩემი წილიც მაქვს“, — განაცხადა მან.
საფრანგეთის პარლამენტი არეულობის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო კომისიას შექმნის. ხელისუფლებამ 200 გამომძიებელი დანიშნა, რომლებიც ქუჩის ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებასა და მათი კვალის დადგენაზე იმუშავებენ.
სამშაბათს პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში, რომელმაც არეულობის დროს ლიმოჟში ისტორიული მერიის შენობა გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ის ულტრამემარცხენე დაჯგუფების წევრია.











