ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.
„ამ პროცესების შედეგის წინასწარი შეფასების გარეშე, სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მოვუწოდებ მმართველ უმრავლესობას, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“, – წერია წერილში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიისთვისაა აუცილებელი და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ბერსეს თქმით, ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის მონაწილე მხარის სახით, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
„სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს განსაკუთრებით დამაჯერებელ დასაბუთებას პოლიტიკური პარტიის გაუქმებისთვის, რომელიც ექვემდებარება აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს. ეს არის იმ საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტები, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება.
მმართველ უმრავლესობას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის ლეგიტიმურ როლს, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც ცდილობს მოიშოროს საკუთარ ძალაუფლებაზე არსებული დემოკრატიული შეზღუდვები, ასუსტებს სწორედ იმ ქვეყანას, რომლის მსახურებასაც თავად ცდილობს“, – აცხადებს ბერსე.
განცხადების მიხედვით, პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობს. ბერსე აცხადებს, რომ ერთობლიობაში ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის იმ წონასწორობისა და კონტროლის მექანიზმების შელახვას, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვისაა აუცილებელი.
„ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა ხელი შეუწყოს კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, – აღნიშნავს ბერსე.
საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათ შორისაა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.











