საზოგადოება

ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიკერძოებულ მიდგომებში ადანაშაულებს. განცხადება მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

ჯაღმაიძე ქარტიის 15 ოქტომბრის განცხადებას ეხმაურება. ქარტიამ საპატრიარქოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის საფუძველზეც 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლებს აკრედიტაცია არ მიენიჭათ. ქარტია ამ გადაწყვეტილებას „საგანგაშოდ მიიჩნევს“ და ნოდარ მელაძის არგუმენტაციას იშველიებს: საპატრიარქომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი არ განუმარტა, მიმოწერისას კი მხოლოდ 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარ ინციდენტზე მიუთითა. ქარტიის შეფასებით, ამ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა, აკრედიტაციის შეზღუდვა კი დისკრიმინაციული დამოკიდებულება და ჟურნალისტების საქმიანობის დაუსაბუთებელი ხელშეშლაა.

ჯაღმაიძე კითხვას სვამს, ნუთუ ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტების მხრიდან არანაირი ეთიკური გადაცდომა არ შეუნიშნავს და ნუთუ არ გაუცნია ვიდეომასალები, სადაც სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტების სადავო ქცევაა ასახული. მისი თქმით, ქარტიას ჯერ ჟურნალისტთა ეთიკაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიზეზები უფრო გულდასმით შეესწავლა და ობიექტურობის შესანარჩუნებლად განმარტებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგანაც მოეთხოვა, ერთ წყაროზე დაყრდნობით კი განცხადება არ გაევრცელებინა.

დეკანოზის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი იყო ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლების მიერ საეკლესიო დღესასწაულებზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა. მისი თქმით, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ჟურნალისტები თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, მიკროფონებითა და კამერებით ტაძრის ეზოში მისდევდნენ მსახურებისთვის მისულ სასულიერო პირებს და ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას ქმნიდნენ. ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი არ იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მორწმუნეთა ინტერესების დაცვა.

ჯაღმაიძე ქარტიის დეკლარირებულ მისიასაც იხსენებს: „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება“. მისი აზრით, თუ ქარტია ამ საქმიანობას სათანადო ყურადღებას დაუთმობდა, შესაძლოა, ვითარება იმ „საგანგაშო“ მდგომარეობამდე არ მისულიყო, რომელიც დღეს არაერთ საეკლესიო დღესასწაულსა და ღონისძიებაზე იჩენს თავს.

მისივე ცნობით, ქარტიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ჟურნალისტების მიერ პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტების განხილვა შესული განცხადებების საფუძველზე. საპატრიარქოს ამ საკითხებზე ქარტიისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა ინტერნეტსივრცეში, მისი თქმით, უხვადაა სხვადასხვა წელს გადაღებული სიუჟეტები და ვიდეომასალა, რომლებიც ჟურნალისტთა ქცევასთან დაკავშირებით საფუძვლიან კითხვებს აჩენს. ჯაღმაიძე ასევე მიუთითებს, რომ ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიმართლისა და ზუსტი ინფორმაციის მიღების უფლების პატივისცემას ავალდებულებს, მეოთხე პრინციპი კი ინფორმაციის მოპოვებისას სამართლიანი და კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. მისი კითხვაა, რატომ არ ხდება ამ პრინციპების გათვალისწინება სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტთა ქცევის შეფასებისას.

დეკანოზის თქმით, ქარტიას გაცილებით სასარგებლო იქნებოდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი მუშაობით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციით ეზრუნა, ვიდრე საკითხის არასრულყოფილად შესწავლის საფუძველზე საპატრიარქოსთვის დისკრიმინაციისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ბრალდება წაეყენებინა. ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ქარტია კატეგორიულ შეფასებას აკეთებს და მეორე მხარის, ამ შემთხვევაში საპატრიარქოს, არგუმენტებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს.

მისი თქმით, ქარტიის ეს „მიკერძოებული“ განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზაცია გადაქცეულია „ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ“. ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ უნდა ნიშნავდეს პროფესიული ეთიკის დარღვევებზე თვალის დახუჭვას ან ჟურნალისტების პასუხისმგებლობისგან უპირობო გათავისუფლებას.

პოსტის დასასრულს ჯაღმაიძე წერს: „როდესაც ჟურნალისტური ეთიკის დაცვისკენ მოწოდებული ორგანიზაციის მიუკერძოებლობა და პროფესიული პასუხისმგებლობა თავად ხდება საეჭვო, ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ