ზელენსკი: ომს არ ვაგებთ, მაგრამ ხალხს და დროს ვკარგავთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავს. მისივე თქმით, აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აღდგა. ზელენსკიმ ეს ნორვეგიაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
ზელენსკიმ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ. მაგრამ ვკარგავთ ხალხს, რუსეთის თავდასხმების გამო, და დროს. და ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენი შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბავშვობა. ყველა ადამიანს არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება…“
მან ასევე თქვა: „ღმერთმა დალოცოს ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები, ისინი ძლიერები არიან ბრძოლის ველზე. ეს საშუალებას მაძლევს ძლიერი ვიყო ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე“.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმარებიან.
სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის აღდგენასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „მადლობელი ვართ, რომ დაზვერვა მუშაობს ახლა. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე ვსაუბრობ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვინაიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის მოფრინავს ბალისტიკა. ასე რომ, მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ის მუშაობს, ეს შესანიშნავია“.
ზელენსკის თქმით, სახელმწიფო მდივანთან [რუბიოსთან] არა მხოლოდ დაზვერვა, არამედ Starlink და Patriot-იც განიხილეს: „ის დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება“.











