მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის მეორე ვადაში 300 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის მეორე ვადაში 300 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპი გაიზარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ვიზების უფრო მეტი რაოდენობა, უფრო სწრაფი ტემპით გააუქმა, ვიდრე ეს აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციას გაუკეთებია“.

პიგოტის თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“.

Reuters წერს, რომ ადამიანის უფლებების დამცველები განსაკუთრებით აკრიტიკებენ იმ უცხოელი მომიტინგეების ვიზების გაუქმებას, რომლებიც პალესტინელების მხარდასაჭერად და ღაზაზე ისრაელის თავდასხმების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. კრიტიკა მოჰყვა ასევე ვიზების გაუქმებას იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი დაწერეს.

სააგენტოს ცნობით, უცხოელი მომიტინგეების დეპორტაციის მცდელობებთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა მიგრანტებისა და ვიზის განმცხადებლების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემოწმებაც.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ