სოხაძე: სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში სოფლებში დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, იმ სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაოების პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა.
მინისტრის თქმით, მოდულური სკოლები იმავე ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ განთავსდება, რათა ბავშვებს სხვა სოფელში სიარული არ დასჭირდეთ. სოხაძე აცხადებს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.
მისივე განმარტებით, სამინისტროს სასკოლო საზოგადოებასთან უკვე აქვს კომუნიკაცია და განსაზღვრულია ადგილები, სადაც მოდულური სკოლების მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.
სოხაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა, რომ სამინისტრომ ტიპური სკოლების პროექტების შექმნა დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ტიპიური სკოლების პროექტების შექმნა. დაახლოებით 10 ტიპური პროექტი მუშავდება სკოლებთან მიმართებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ, დავუშვათ, ხვალ და ზეგ თუ აღმოჩნდება, რომ სადღაც 500-ბავშვიანი სკოლაა ასაშენებელი, მის დასაპროექტებლად ერთი წელი კი არ დაგვჭირდება, არამედ ორ-სამ თვეში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ამ პროექტის მორგებას შევძლებთ და დაუყოვნებლივ დაიწყება მშენებლობა“.
მინისტრის განმარტებით, ტიპური პროექტების გამოყენება სამინისტროს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უფრო მოკლე ვადებში განახორციელოს.
სოხაძემ ასევე თქვა: „არ შეიძლება, იმიტომ, რომ ვიღაცა პოლიტიკურად არ მოგწონს, ყველაფერზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირო. საბოლოო ჯამში, სასაცილო ხდება ხოლმე. უნდა წაიკითხო, რაზეა საუბარი“.











