სამართალი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიას დაკავებას გმობს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს.

19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მიზეზი მისი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსი და ერთი ვიდეოა. სანაიას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი.

ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ: „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ.“

ორგანიზაცია სანაიას საქმეს სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, რომელიც მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდადაა გამიზნული.

ქარტიის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და მათი აღსრულების პრაქტიკით უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა.

ქარტიის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება სანაიას, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 10 ივლისს კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ