არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდებული, რომელსაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამებისა და ბინის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალი ედებოდა. სასჯელის სახით მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ პროკურატურა იუწყება.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მისი მითითებებისა და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ იგი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.
პროკურატურის თქმით, მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით, შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია.
ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა).









