დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთა. ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, ოპერაცია შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ბრალდებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანას ედავებიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და „ვალეს“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











