ღარიბაშვილის ადვოკატი: ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებით თავისუფლება იყიდეს

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ორშაბათს, 19 ოქტომბერს გაიმართება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა განიხილება და წყდება, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა თუ არა.
ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილიკო გელაშვილის თქმით, 48-ტომიან საქმეში ღარიბაშვილის ბრალეულობას ვერაფერი ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლისძმის, თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ მხეიძის ჩვენებების გარდა, ისიც არასრულყოფილად. გელაშვილი ახალ საქმეს შეთითხნილად მოიხსენიებს და განცხადებაში წერს, რომ სამართლიანი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში საქმე აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით დასრულდებოდა.
„საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა , რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად ს/სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!!! არ ვაჭარბებ!“ — წერს გელაშვილი.
ადვოკატის თქმით, აწ მსჯავრდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ღარიბაშვილზე ხელის დადებით იყიდეს თავისუფლება და პირობების შემსუბუქება: „დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!“ მისი შეფასებით, მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება“ იმის დასტურია, რომ საქმე არა კანონის უზენაესობას, არამედ პოლიტიკურ შეკვეთას ეხება.
გელაშვილი იხსენებს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ნივთების (ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა) ამსახველი ვიდეო აჩვენა. ღარიბაშვილი ერთ-ერთი იყო, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა კადრებში არ უჩვენებიათ, ვისგან რა ნივთები ამოიღეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართული ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებას ყველა ეს ნივთი ღარიბაშვილთან დაეკავშირებინა.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენა, დაკავება და 5-წლიანი პატიმრობა აჩვენებს, რომ იგი გუნდმა გაწირა. გელაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს წერილზე, რომელიც ღარიბაშვილმა ციხეში მიიღო. ღარიბაშვილის განცხადებით, წერილი მამუკა მდინარაძემ გამოუგზავნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასში კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობდნენ.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილი ღარიბაშვილთან ივლისში შევიდა, როცა მხეიძე, ბურჭულაძე და მათი საქმის ფიგურანტი ტუკვაძე უკვე დაკითხულები იყვნენ და განაჩენიც გამოტანილი ჰქონდათ. იმ დროისთვის მათ ღარიბაშვილი ნახსენები არ ჰყავდათ, ახალი საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ ღარიბაშვილთან მიმართებით აგვისტოში დაიკითხნენ. „საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწერა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა?“ — წერს გელაშვილი.
ადვოკატი კითხულობს, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება წერილზე, რომლის შინაარსიც, მისი თქმით, დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა და რომლის „ფაქტებიც“ შემდგომში სიტყვასიტყვით ასრულდა. გელაშვილის თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ მათი ინტერესი კორუფციული ქმედების გამოვლენა კი არა, ახალი მძიმე ბრალი იყო, რომელიც ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებელ საშუალებად გამოდგებოდა.
გელაშვილის თქმით, „ოცნების“ ის ადამიანები, ვინც ღარიბაშვილი გაწირა და მას „თითს უქნევს“ ან მიშა სააკაშვილს ადარებს, თავად ანგრევს და შიგნიდან შლის „ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფი ხალხის არჩეულ“ ოცნებას.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით 750 ათასი ლარი აიღო, რომელიც უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბურჭულაძე ორ საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი. ერთ საქმეში ის ღარიბაშვილთან ერთად არის ბრალდებული ქრთამის აღებაში და ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული. მეორე საქმეში მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად. პირველი სასამართლოთი 10 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, საპროცესო გარიგებით კი სასჯელი გაუნახევრდა. საბოლოოდ მას 5 წელი მიესაჯა, რომლის 3 წელსაც რეალურად ციხეში გაატარებს, დარჩენილი 2 წელი კი პირობითი ექნება. ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელიწადში დატოვებს. ბურჭულაძე 1 მილიონი ლარით დაჯარიმდა და ქონება ჩამოერთვა, მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში.
ვასილ მხეიძე ბურჭულაძის ცოლისძმაა და მას თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებოდნენ. თავდაპირველად 8 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სექტემბერში გაფორმებული საპროცესო გარიგების შემდეგ რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა და რადგან ეს დრო უკვე გასული იყო, ციხე სექტემბერშივე დატოვა.









