ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებული პროცესს არ ესწრება.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება, გადაეცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს.
ღარიბაშვილის პოზიციიდან ცნობილია, რომ ის არც ერთ პროცესს არ დაესწრება და თავის პოზიციებს კვლავ წერილებით გააჟღერებს. მისი ადვოკატები საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენებით, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, დანარჩენი 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა.
ბრალდების მხარის თანახმად, ამ ქმედების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ეს გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.











