სამართალი

პროკურორი: ყიფიანისა და ბილანიშვილის საქმეში დაზარალებულს რესტორანში სახეში დაარტყეს

პროკურორი: ყიფიანისა და ბილანიშვილის საქმეში დაზარალებულს რესტორანში სახეში დაარტყეს

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის საქმეზე განაცხადა, რომ რესტორანში სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულზე იძალადეს და სახეში ხელი დაარტყეს, რის გამოც მან ტკივილი განიცადა.

პროკურორის თქმით, გამოძიება დაზარალებულის მომართვისა და შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. მისივე განმარტებით, დაზარალებულმა პროკურატურას მეორე დღეს მიმართა.

ხარებაშვილის თქმით: „ჩადენილია ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული პირთა ჯგუფის მიერ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ როდესაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა, სავარაუდოდ, გაითვალისწინა პიროვნული მახასიათებლები, წარსული ნასამართლეობა და ერთობლიობაში შეაფასა, რომ მათგან მომდინარე საფრთხეს გაანეიტრალებდა მხოლოდ პატიმრობა.“

ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს.

ბრალდება მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. ეს მუხლი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ