სამართალი

პროკურორი ვატო ყიფიანის, ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის პატიმრობას ითხოვს

პროკურორი ვატო ყიფიანის, ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის პატიმრობას ითხოვს

პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

ვატო ყიფიანის შემთხვევაში პროკურორი ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს ასახელებს. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ყიფიანის პიროვნული მახასიათებელი და ნასამართლობა. პროკურორი ასევე ამბობს, რომ ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნისას დაზარალებულს სასამართლოში საკუთარი პოზიციის გაჟღერება შესაძლოა გაუჭირდეს.

ავთანდილ ბილანიშვილის მხრიდანაც, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. პროკურორის განმარტებით, დაზარალებული ერთი იყო და სამი გაუსწორდა ფიზიკურად. მისივე თქმით, ბილანიშვილი არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტზე.

პროკურორმა განაცხადა: „ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“დაახლოებით, 30-ჯერ არის დაჯარიმებული 1500-2000 ლარით, ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო. მას არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი და იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს“.

შოთა ყიფიანის მხრიდან, პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს. პროკურორის სიტყვებით: „ბრალდება ითვალისწინებს შოთა ყოფიანის პიროვნულ მახასიათებელს, დაზარალებულის ჩვენებას, ვიდეოჩანაწერებს. შოთა ყიფიანი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლები, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით. აღნიშნულის შემდეგ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენებია დამდგარი, მათ შორის, გამოძალვაზე, მუქარაზე“.

პროკურორის განმარტებით, შოთა ყიფიანმა ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას პირობითი მსჯავრის სასჯელი გაუცოცხლდება, რის გამოც შესაძლოა მიიმალოს.

ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. ისინი 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს. ბრალდება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინეს, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ