სამართალი

რუსთავში ავტომანქანების ჩამოყვანის დაპირებით თაღლითობაში ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

რუსთავში ავტომანქანების ჩამოყვანის დაპირებით თაღლითობაში ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში ორ მოქალაქეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანა დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 75 104 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 2 ეპიზოდი) წარედგინა. ეს მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ