ცქიტიშვილი: ივანიშვილის მხარდაჭერა კობახიძეს გუნდში არსებული პრობლემების გამო დასჭირდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე თავისსავე გუნდში საკმაოდ სუსტად გამოიყურება და „ქართულ ოცნებაში“ გავლენისა და რესურსის შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა დასჭირდა. მისი შეფასებით, ზურაბ პატარიძის პოლიტსაბჭოში შეყვანა სიგნალია, რომ ის შესაძლოა მართლაც განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ცქიტიშვილმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომას გამოეხმაურა.
ცქიტიშვილის თქმით, თუ „ქართულ ოცნებაში“ პრობლემები არ იქნებოდა, პარტიის დამფუძნებელი ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდებოდა. მისი განცხადებით, ფაქტია, რომ კობახიძის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა არ მუშაობს და ივანიშვილს გუნდის წევრების წინაშე იმის თქმა დასჭირდა, რომ კობახიძე კარგი პრემიერია. ცქიტიშვილმა მიუთითა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებაზეც და თქვა, რომ ეს პრობლემებზე მეტყველებს. მისი აზრით, კობახიძეს უმრავლესობაზე კონტროლი არ აქვს და პროცესებს ვერ აკონტროლებს, მაგალითად მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე მის გვერდით აღარ არის.
პატარიძის შესახებ ცქიტიშვილმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის შესაძლო პრემიერობაზე არ დადასტურებულა, თუმცა ვალიდურად დარჩა. „ეს ჭორი კი არ დაადასტურა, მაგრამ ვალიდური დატოვა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ პატარიძის პოლიტსაბჭოში შემოყვანა ამ მიმართულებით წინაპირობის მომზადებაზე მიანიშნებს.
ოპოზიციის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ცქიტიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება და გარკვეული დისკომფორტია. მისი თქმით, ეს პროცესი პარტიის წარმომადგენლების ნაწილისთვისაც მტკივნეულია და ივანიშვილმა მათ გადაწყვეტილების მიღება უნდა აიძულოს. ცქიტიშვილის შეფასებით, სარჩელი მხოლოდ პარტიების აკრძალვას არ ეხება და უფრო ფუნდამენტურ პრობლემას შეიცავს, საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებას. მისივე სიტყვით, სარჩელი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა კი არ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა რუსეთი, შემოსულიყო.
ცქიტიშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვა და ერთპარტიულ დიქტატურაზე გადასვლა გამოსწორებადია რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, თუმცა თუ სახელმწიფო დაადასტურებს, რომ საქართველომ თავად მისცა რუსეთს ინტერვენციის მოტივი და საფუძველი, ეს ისტორიულად დამაზიანებელი საკითხი იქნება, რომლის გამოსწორებაც ასე მარტივად ვერ მოხდება. მისი თქმით, ეს „ოცნების“ წევრებისთვის მორალურად რთული დილემაა: ისინი ან ისტორიულ ღალატს მოაწერენ ხელს, ან უარს იტყვიან.
ცქიტიშვილის თქმით, ივანიშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პირადად არ აიღებს და ეს პასუხისმგებლობა კობახიძეს დაეკისრება. მისი აზრით, კობახიძის ერთ-ერთი მთავარი მისია ახლა სარჩელის ბოლომდე მიყვანაა, რადგან მიაჩნია, რომ სარჩელის ავტორი სწორედ ის არის. ცქიტიშვილს მოლოდინი აქვს, რომ ცალკეული პირები, მათ შორის მდინარაძის მეგობრები და უახლოესი წრის წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობებზე გადაიყვანენ, სადაც ჩრდილში აღმოჩნდებიან და ნელ-ნელა გაქრებიან პოლიტიკური ველიდან.
მისი შეფასებით, ყველაფერი ეს არ ნიშნავს, რომ პარტიაში საკითხები დარეგულირდა. ცქიტიშვილმა თქვა, რომ არ იცის, რატომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კვირაში კობახიძე გადაყენებული იქნებოდა, და დასძინა, რომ პარტიების აკრძალვამდე საკადრო ცვლილებებს არ ელის.











